თინათინ ბერძენიშვილი - მთელ საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, საქართველო პირველად არის „ევრობასკეტის“ მასპინძელი ქვეყანა და პირველი არხიც პირველადაა ამ დიდი ღონისძიების ექსკლუზიური პარტნიორი

პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს. „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად ხვალ დაიწყება. A ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ ჩატარდება. შეხვედრებს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

რიყეზე „ევრობასკეტი 2022“-ის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. გულშემატკივრებისთვის რიყეზე მოწყობილია პირველი არხის ფანზონა, სადაც ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, დიდ ეკრანზე თვალი ადევნოს თამაშებს.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მაყურებელს მოულოცა ეს ისტორიული მოვლენა.

„ჩვენს მაყურებელს, მთელ საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, რადგანაც საქართველო პირველად არის „ევრობასკეტის“ მასპინძელი ქვეყანა და ჩვენც – პირველი არხი პირველად ვართ ამ დიდი ღონისძიების ექსკლუზიური პარტნიორი, მასპინძელი. რამდენიმე თვეა, განსაკუთრებულად ვემზადებით. ყველა, 41-ვე მატჩის ტრანსლირება გვექნება პირველ არხზე, „ტელესკოლაზე“ და რაც მთავარია, რადიოეთერში; მსმენელის მოთხოვნა იყო, რომ რადიოს ეთერშიც გაჟღერებულიყო ეს ყველაფერი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

თინათინ ბერძენიშვილმა მაყურებლები მიიწვია პირველი არხის ფანზონაში, სადაც ყველას სრულიად უფასოდ შეუძლია, უგულშემატკივროს სპორტსმენებს.

„ფანზონაში არის ღია, ჯანმრთელი სივრცე, ყველაფერი იმისთვის, რომ ოჯახმა უყუროს პირველ არხზე კალათბურთს და სასიამოვნოდ გაატაროს ცხელი დღეები“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.

პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ 5 სექტემბერს ამავე სივრცეში გაიმართება „რანინას“ მონაწილეების კონცერტი ქართველი კალათბურთელების მხარდასაჭერად.

„ჩვენთვის, პირველი არხისთვის სპორტი არ არის მხოლოდ სპორტული ასპარეზობა, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. იცით, რომ პირველი არხის არის იქ, სადაც არის ქართული სპორტი. ამიტომ ძალიან დატვირთული ეთერი გველოდება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ „ევრობასკეტთან“ ერთად, საქართველოს პირველი არხი პირველი სექტემბრიდან ახალი სეზონით, ახალი შეფუთვით წარდგება მაყურებლის წინაშე.