პირველად ისტორიაში - ნიკოლოზ ამაშუკელმა „ჩელენჯ ქაფის“ (Challenge Cup) პლეი-ოფის მატჩზე იმსაჯა [ვიდეო] #1TVSPORT

რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის „ჩელენჯ ქაფის“ (Challenge Cup) მერვედფინალურ შეხვედრაზე, რომელშიც ერთმანეთს „ლონდონ აირიში“ და „კარდიფ ბლუზი“ დაუპირისპირდნენ, მთავარი არბიტრის რანგში ქართველი ნიკოლოზ ამაშუკელი მსაჯობდა. ქართველი მსაჯი ისტორიაში პირველად დაინიშნა მსგავსი რანგის მატჩზე.

თავად შეხვედრა კი სანახაობრივი და მოვლენებით დატვირთული გამოდგა. მაყურებელმა პრაქტიკულად ყველაფერი იხილა – ცხრა ლელო, არეკნი, წითელი ბარათი და დრამატული ბოლო წუთები. დაპირისპირების პირველი ნახევრის შემდეგ ლონდონელები მეტოქეს ოთხი ქულით ჩამორჩებოდნენ (13:17). მნიშვნელოვანი ეპიზოდი მეორე ტაიმის დაწყებიდან შვიდ წუთში მოხდა – გოდრიკ-კლარკმა მეტად უხეში ბოჭვა შეასრულა, მეტოქეს თავში მხრით მიაყენა დარტყმა და ნიკა ამაშუკელმა მას წითელი ბარათი უჩვენა.

კაცნაკლულობის მიუხედავად „ლონდონ აირიშმა“ მაინც მოიგო. 70-ე წუთისთვის ისინი უელსელებს 12 ქულით ჩამორჩებოდნენ, მაგრამ ხუთ წუთში ორი გარდასახული ლელო მიითვალეს და წინ გავიდნენ. „ბლუზი“ არ გატყდა და უპირატესობა 78-ზე წუთზე ევანსის არეკნით მოიპოვა. 14 კაცით მოთამაშე ლონდონელებს თამაშის მოსაგებად ორი წუთი რჩებოდათ და საკუთარ ნახევარზე იმყოფებოდნენ, მაგრამ შანსით ბოლომდე ისარგებლეს და 80-ე წუთზე რონას ლელოთი საბოლოოდ დაწინაურდნენ – 41:35.

„აირიში“ მომდევნო ეტაპზე „ბათს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 აპრილს გაიმართება.