პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადას რუსეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტაზე კანონპროექტი წარუდგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადას რუსეთსა და უკრაინას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს, თუმცა დოკუმენტი უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე რუსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეჩერების განკარგულებას 17 სექტემბერს მოაწერა ხელი. 24 სექტემბერს რუსეთმა კიევისგან აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური ნოტა მიიღო.
უკრაინამ და რუსეთმა მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორების შესახებ შეთანხმებას 1997 წლის 31 მაისს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ითვალისწინებს.