პეტრო პოროშენკომ დებატების სტადიონზე გამართვის შეთავაზება მიიღო
პეტრო პოროშენკომ დებატების სტადიონზე გამართვის შეთავაზება მიიღო

უკრაინის  მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დებატების სტადიონზე გამართვის შეთავაზებას დათანხმდა. ამის შესახებ პოროშენკომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომლითაც ვლადიმირ ზელენსკის უპასუხა.

„დებატების წესები გაწერილია საარჩევნო კანონმდებლობაში, წაიკითხეთ, თუ შეიძლება. დებატები უნდა გაიმართოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ბაზაზე და მისი ტრანსლაცია სხვა ტელეკომპანიებს შეუძლიათ, მაგრამ თუ სტადიონი გსურთ, იყოს სტადიონი. გელოდებით ვლადიმირ ალექსანდროვიჩ,“ – განაცხადა პოროშენკომ.

თავის მიმართვაში პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ „ქვეყნის პრეზიდენტად და მთავარსარდლად სამსახური „თამაში არ არის“, ხოლო წინასაარჩევნო დებატები არ არის შოუ.“

მისივე თქმით, ვლადიმირ ზელენსკის გეოპოლიტიკური ხედვა რადიკალურად განსხვავებულია.

„ჩემი ქვეყანა არის ძლიერი ევროპული უკრაინა, რომელიც არასდროს დაიჩოქებს,“ – განაცხადა უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ პოროშენკოს პოლიტიკური დებატების გამართვა კიევის სტადიონზე შესთავაზა.

დატოვე კომენტარი