ვლადიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს სტადიონზე დებატების გამართვას სთავაზობს (ვიდეო)
ვლადიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს სტადიონზე დებატების გამართვას სთავაზობს (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი და პირველი ტურის გამარჯვებული ვლადიმირ ზელენსკი თავის ოპონენტ, უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დებატების გამართვას სტადიონზე სთავაზობს.

შესაბამისი შინაარსის ვიდეომიმართვა ზელენსკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, მან დებატებისთვის პოროშენკოს წინაპირობაც წაუყენა.

„კანდიდატებმა აუცილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო ექსპერტიზა და დაუმტკიცონ ხალხს, რომ არ არიან ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულები. ქვეყანას ჯანმრთელი პრეზიდენტი სჭირდება.

უკრაინის მოქალაქეთა მესამედის მიმართ პატივისცემის ნიშნად, თქვენ უნდა განაცხადოთ საჯაროდ, რომ დებატებს გამართავთ არა კრემლის ან კოლომოისკის მარიონეტთან, არა ჯამბაზთან, არამედ პრეზიდენტობის კანდიდატ, ვლადიმირ ზელენსკისთან,“ – ამბობს მიმართვაში ზელენსკი.

მისივე თქმით, დებატები უნდა გაიმართოს სტადიონზე და ის პირდაპირ ეთერში ყველა ტელეარხმა უნდა აჩვენოს.

მანამდე ზელენსკიმ ვებგვერდზე გამოაქვეყნა რვა მოთხოვნა, რომელიც მან პოროშენკოს წაუყენა. მათ შორისაა: კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ამუშავება, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და ღია სიებით ჩატარება, ანტიკორუფციული სასამართლოს ამოქმედება და პოროშენკოს ოფშორული კომპანიების ჩამონათვალისა და მათი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება.

ვლადიმირ ზელენსკიმ პირველ ტურში უკრაინელი ამომრჩევლების ხმების 33,24%-ი მიიღო, ხოლო პოროშენკომ 15,95%-ი.