უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რომლის წინააღმდეგაც, სახელმწიფო ღალატის საქმეზე, უკრაინაში გამოძიებაა დაწყებული, ქვეყანაში იანვარში დაბრუნდება.
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ამჟამად ვარშავაში იმყოფება, სადაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კოალიციის ჩამოყალიბების მიზნით, პოლონელ და ევროპელ პოლიტიკოსებთან გეგმავს შეხვედრების გამართვას.
პოროშენკოს ცნობით, ის უკრაინაში საკუთარი გრაფიკით დაბრუნდება და ეს იანვრის პირველ ნახევარში მოხდება. პოლიტიკოსის განცხადებით, მისი სახელმწიფო ღალატში, ტერორიზმის დაფინანსებასა და ტერორისტული ორგანიზაციების დახმარებაში დადანაშაულება წითელი ხაზების გადაკვეთაა.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს. ის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დაკითხვაზე 23 დეკემბერს არის დაბარებული.