პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სტომატოლოგიურ კლინიკას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა
პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სტომატოლოგიურ კლინიკას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეამოწმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, შემოწმებით დადგინდა, რომ საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით სტომატოლოგიურ კლინიკაში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები, რომელთა ხედვის არეალში ხვდებოდა კლინიკის შესასვლელი, ადმინისტრატორის სამუშაო სივრცე და საპროცედურო ოთახები, ვიდეომონიტორინგის პარალელურად აუდიომონიტორინგსაც ახორციელებდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციითვე, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ დასაქმებული პირები, თუმცა აუდიომონიტორინგის თაობაზე გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობის გამო, კლინიკის ვიზიტორები არ იყვნენ ინფორმირებულნი.

„აუდიომონიტორინგის განხორციელების მიზნად კლინიკამ მიუთითა პაციენტსა და კლინიკის თანამშრომელს შორის კონფლიქტის ან გაუგებრობის არსებობის შემთხვევაში რეალური გარემოებების დადგენა.

ვინაიდან 24-საათიანი აუდიომონიტორინგი განაპირობებდა კლინიკაში დასაქმებულ პირებსა და ვიზიტორებს შორის განხორციელებული ნებისმიერი შინაარსის – სამსახურებრივი თუ არასამსახურებრივი – საუბრების კონტროლის შესაძლებლობას, ამასთან, კლინიკაში მუშავდებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა კლინიკის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია, აუდიომონიტორინგი არ მიიჩნია დასახელებული მიზნის მიღწევის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებად და განმარტა, რომ პაციენტსა და კლინიკის თანამშრომელს შორის კონფლიქტი უნდა გადაწყვეტილიყო ადამიანის უფლებების ნაკლებ შემზღუდავი გზით (მაგალითად, სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებით).

შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ კლინიკას მონაცემთა დასაცავად არ ჰქონდა მიღებული სათანადო უსაფრთხოების ზომები. კერძოდ, ვიდეოჩანაწერების შემნახველ მოწყობილობასთან წვდომა შესაძლებელი იყო პაროლის გარეშე, რამდენიმე პირი სარგებლობდა ერთი მომხმარებლის სახელით და მოწყობილობა სრულად არ აღრიცხავდა მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებებს (ვინ შევიდა სისტემაში, ვინ დაათვალიერა და მოუსმინა ჩანაწერებს, ვინ გადმოწერა იგი და ა.შ.), რაც ქმნიდა მონაცემთა უკანონო გასაჯაროების ან სხვაგვარად დამუშავების საფრთხეს და ჩანაწერებზე არაკანონიერი წვდომის შემთხვევაში ართულებდა დამრღვევი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის კლინიკას დააკისრა ჯარიმა. ამავდროულად, დაავალა აუდიომონიტორინგის შეწყვეტა და ვიდეოთვალთვალის სისტემაში ჩანაწერების უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ზომების მიღება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.