პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა საბანკო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე რეკომენდაციები წარადგინა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა საბანკო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე რეკომენდაციები წარადგინა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა, საბანკო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სფეროს წარმომადგენლებს კომერციული ბანკების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაციები  წარუდგინა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც ეროვნული ბანკის ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა, მიზნად ისახავს კომერციული ბანკების დახმარებას, კლიენტების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას უზრუნველყონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა.

შეხვედრაზე ეროვნულ ბანკსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება.

„საბანკო ინდუსტრიაში მონაცემთა დამუშავების შესახებ ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციები შინაარსობრივად ეხება საკითხებს, რომლებიც გასულ წლებში  მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე დაგროვდა.  ეროვნულ ბანკთან თანამშრომლების შედეგად, მოვამზადეთ კვლევა, თუ რა მდგომარეობა იყო კომერციულ ბანკებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მხრივ.  რაც შეეხება მოქალაქეთა მომართვიანობას, ეს ეხება ძირითადად კონფიდენციალობის დარღვევის საკითხებს, როგორიცაა სესხის პრობლემური მართვისას მონაცემთა დამუშავება, მოვალის სამუშაო ადგილზე ინფორმაციის გამჟღავნება მისი ოჯახის წევრებთან და ა.შ, – განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძემ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით კი, ამ კუთხით საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი ხარვეზები არ არსებობს, თუმცა მემორანდუმი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონთან შესაბამისობის კუთხით, საბანკო და საფინანსო სექტორს უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს.

„დიდი ხანია, ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ. ეს მოიცავს მთლიანად საფინანსო სექტორის შესაბამისობაში მოყვანას პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან. ამ კუთხით დიდი ხარვეზები არ არის საბანკო სექტორში, თუმცა მემორანდუმი კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს ამ კანონთან შესაბამისობაში საბანკო და საფინანსო სექტორს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ღონისძიებას საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, ეროვნული ბანკის, არასამთავრობო სექტორისა და ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება.