„პერსევერანსმა“ მარსზე პირველი 360-გრადუსიანი პანორამა გადაიღო — #1tvმეცნიერება
„პერსევერანსმა“ მარსზე პირველი 360-გრადუსიანი პანორამა გადაიღო — #1tvმეცნიერება

თქვენ წინაშეა პანორამა, რომელიც NASA-ს ახალმა მავალმა „პერსევერანსმა“ მარსზე 2021 წლის 20 თებერვალს გადაიღო. კადრი აწყობილია ექვსი ცალკეული სურათის შეერთების შედეგად.

მავალის მიერ უკვე გამოგზავნილი ყველა ფოტო შეგიძლიათ NASA-ს ვებგვერდზე იხილოთ.

„პერსევერანსის“ მისიის მთავარი მიზანი ასტრობიოლოგიაა, მათ შორის, უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნების მოძებნა. მისიის ფარგლებში, მავალი აღწერს პლანეტის გეოლოგიას და წარსულის კლიმატს, გზას მოუმზადებს წითელ პლანეტაზე ადამიანთა ჩასვლას; ამავე დროს, წარმოადგენს პირველ მისიას, რომელიც მარსის ქანებისა და რეგოლითის ნიმუშებს შეაგროვებს და შეინახავს.

შემდგომი მისია, რომლებზეც NASA ამჟამად მუშაობს ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA) ერთად, მარსზე ხომალდს გაგზავნის და „პერსევერანსის“ მიერ აღებულ ამ ნიმუშებს დედამიწაზე ჩამოიტანს; ამის შემდეგ, მოხდება მათი სიღრმისეული ანალიზი.

„პერსევერანსი“ წითელ პლანეტაზე 18 თებერვალს, ეზეროს კრატერში დაჯდა. დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ, ამ კრატერში მდინარე ჩაედინებოდა და ტბას წარმოქმნიდა. მავალი მდინარის დამშრალ დელტაში დაეშვა, სადაც ის უძველესი, შესაძლო მიკრობული სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის.