პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინაში დაზიანებული „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემა უკვე შეაკეთეს
პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინაში დაზიანებული „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემა უკვე შეაკეთეს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში დაზიანებული „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემა უკვე შეაკეთეს. აღნიშნულის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

„შემიძლია, დავადასტურო, რომ „პეტრიოტის“ სისტემა დაზიანდა, მაგრამ შევაკეთეთ და ახლა გამართულად მუშაობს“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ.

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ მედიასთან სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ „საუბარი იყო მცირე ზარალზე“.

შეგახსენებთ, მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სამშაბათს, ღამით რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რის შემდეგაც აშშ-მ და უკრაინამ დაიწყეს მსჯელობა, როგორ უნდა შეეკეთებინათ სისტემა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაზე ღამით განხორციელებული თავდასხმის დროს ჰიპერბგერითი „კინჟალის“ რაკეტით განადგურდა აშშ-ის მიერ შექმნილი „პეტრიოტის“ მიწა-ჰაერის სარაკეტო თავდაცვის სისტემა.