პენტაგონში აცხადებენ, რომ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის მასშტაბის დასადგენად ჯერ კიდევ მუშაობენ
პენტაგონი ჯერ კიდევ მუშაობს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის მასშტაბის დასადგენად, – ამის შესახებ საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, ქრის მიგერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
პენტაგონში აცხადებენ, რომ გაჟონილია ძალიან სენსიტიური, საიდუმლო ინფორმაცია, რაც წარმოადგენს სერიოზულ რისკს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვიძიებთ, თუ როგორ მოხდა ეს. ასევე, ვიკვლევთ ამ პრობლემის მასშტაბებს. მიღებულია სპეციალური ზომები, რათა უფრო დეტალურად შევისწავლოთ, თუ როგორ და ვის ხელში გადის მსგავსი სახის ინფორმაცია. ჩვენ ასევე ვცდილობთ, შევაფასოთ, თუ რა შეიძლება ყოფილიყო იქ“, – განაცხადა მიგერმა.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს დოკუმენტების გაჟონვის შესახებ პირველად 6 აპრილს აცნობეს და მან მეორე დღესვე დაიწყო მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრები ამ საკითხზე.
მისივე ცნობით, შაბათ-კვირას აშშ-ის მაღალჩინოსნებს კომუნიკაცია ჰქონდათ ყველა მოკავშირესთან და პარტნიორთან, რომელთაგან ნაწილს ასევე შეეხო დოკუმენტების გაჟონვა.