პენტაგონში აცხადებენ, რომ 8 500 ამერიკელი სამხედრო მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განთავსების მიზნით
8 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განთავსების მიზნით, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
კირბის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დავალებით, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამხედროების მზადყოფნის განკარგულება გასცა.
პენტაგონის წარმომადგენლის განმარტებით, მზადყოფნაში მოყვანილი სამხედროების უმეტესმა ნაწილმა საჭიროების შემთხვევაში უნდა გააძლიეროს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალები, თუმცა ამას გარდა, კირბის თქმით, ლოიდ ოსტინს სურს, მზად იყვნენ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი გარემოებისთვის.
ამასთან, ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკელი სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
„აშშ-მა გადადგა ნაბიჯები, რათა გაზარდოს თავისი ძალების მზადყოფნა როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ, რათა ისინი მზად იყვნენ, უპასუხონ გაუთვალისწინებელი გარემოებების რიგს, მათ შორის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მხარდასაჭერად მათი ამოქმედების შემთხვევაში“, – განაცხადა კირბიმ.
პენტაგონის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალები ალიანსის წევრი ქვეყნების 40 000-მდე სამხედროს აერთიანებს.
„სიენენის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კემპ-დევიდის ბაზაზე შაბათს გამართული თათბირის დროს სამხედრო მაღალჩინოსნებთან განიხილავდა ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სამხედრო დანაყოფების გაგზავნას.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საფრთხის ფონზე, ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებთან ონლაინშეხვედრას გამართავს, რა დროსაც არსებულ ვითარებასა და კოორდინირებულ ქმედებებს განიხილავს.