პენტაგონი - სომეხთა გენოციდის თაობაზე ჯო ბაიდენის გამოსვლა გავლენას არ მოახდენს აშშ-თურქეთს შორის სამხედრო ურთიერთობებზე
პენტაგონი - სომეხთა გენოციდის თაობაზე ჯო ბაიდენის გამოსვლა გავლენას არ მოახდენს აშშ-თურქეთს შორის სამხედრო ურთიერთობებზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებამ სომეხთა გენოციდის აღიარების თაობაზე არ უნდა იმოქმედოს აშშ-სა და თურქეთს შორის არსებულ სამხედრო ურთიერთობებზე, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა, ჯონ ქირბიმ განაცხადა.

„ოფიციალურ ანკარასთან არსებულ სამხედრო ურთიერთობებში რაიმე სახის ცვლილებას არ ველოდებით. თურქეთის რესპუბლიკა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მოკავშირე სახელმწიფოა“, – აღნიშნა ქირბიმ.

ასევე, პენტაგონის პრესმდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო კავშირები სამომავლოდ მხოლოდ გაძლიერდება.

24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში ეთნიკურად სომხებთან დაკავშირებულ მოვლენებს გენოციდი უწოდა. მისი წინამორბედები ამ ტერმინის გამოყენებას მუდმივად არიდებდნენ თავს. თავის მხრივ, ოფიციალური ანკარა კატეგორიულად უარყოფს 1915 წლის მოვლენების ამგვარ აღწერას და აცხადებს, რომ ეს არა გენოციდი, არამედ შიდა სამოქალაქო დაპირისპირება იყო, რასაც ეთნიკურად სომეხი და თურქი მოსახლეობა ემსხვერპლა.