პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ​ გიორგი ჯანაშიას საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ​ გიორგი ჯანაშიას საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულს დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს დანიშნული საპატიმრო სასჯელის (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით, 11 თვითა და 4 დღით ადრე.

გ.ჯ. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2020 წლის 30 დეკემბერს.

ინფორმაციისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით 2020 წლის განმავლობაში დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალა 408 მსჯავრდებულს“,- აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას ცხრა წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად.

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, გასული წლის 28 იანვარს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობს. ის მოსამართლეთა კოლეგიამ დამნაშავედ ცნო.

დატოვე კომენტარი