პენიტენციური სამსახური ბათუმის ციხის პატიმრების საჩივართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური ბათუმის ციხის პატიმრების საჩივართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბათუმის ციხის პატიმრების საჩივართან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს.

უწყება უარყოფს მსჯავრდებულთა ბრალდებებს და აცხადებს, რომ დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ უფლებების დარღვევას.

სამსახური განმარტავს, რომ საჩივრის ინიციატორი არის მსჯავრდებული გ.მ. ასევე, საჩივარს ხელს აწერენ მისი თანამესაკნეები – დ.ჭ. და შ.დ.

„მსჯავრდებულები სასჯელს იხდიან მაღალი რისკის დაწესებულებაში, რომელიც სხვა დაწესებულებებთან შედარებით მკაცრი რეჟიმით ხასიათდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს საჩივარში მოყვანილ ბრალდებებს და აცხადებს, რომ დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ რაიმე სახის უფლებების დარღვევას. თავად გ.მ. და მისი თანამესაკნეები მუდმივად უარს აცხადებენ დაწესებულების შინაგანაწესისადმი დამორჩილებაზე და გადაძახილების მეშვეობით იგივეს მოუწოდებენ სხვა მსჯავრდებულებსაც. გ.მ გამოირჩევა განსაკუთრებით აგრესიული ქმედებებით როგორც დაწესებულების თანამშრომლების, ასევე მედპერსონალის მიმართ. ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების გამო, მსჯავრდებულს არაერთხელ დაკისრებია დისციპლინური სახდელი, რაც გამოიხატება სამარტოო საკანში მოთავსებაში, ასევე პაემნების ან სატელეფონო საუბრების დროებით შეზღუდვაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსჯავრდებულთა რისკს განსაზღვრავს მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი.

„რისკის გადაფასება ხდება წელიწადში ერთხელ და გადაწყვეტილებას ჯგუფი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იღებს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია დაწესებულებაში პატიმრის მიერ გამოვლენილი ქცევა. ამდენად, მსჯავრდებულთა მიერ გამოთქმული ბრალდება, თითქოს მათთვის რისკის დამძიმება დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიზანმიმართულად ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება საჩივარში მოყვანილ სხვა ფაქტებს, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ წყლის პრობლემა არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. N3 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარედ (ე.წ. ურეხის დასახლება) მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.

პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება. როდესაც ქალაქიდან წყალი წყდება, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება.

ასევე უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება. რაც შეეხება მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას, იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ვენტილაცია ღამით მხოლოდ 2 საათით ითიშება. ისიც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნა და საკნების ბუნებრივად განიავება.

სიცრუეა ისიც, თითქოს უსაფრთხო (დეესკალაციის საკნებში) და სამარტოო საკნებში სათვალთვალო ვიდეოკამერის ხედვის არეალში ხვდება ტუალეტის ნიჟარა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, უსაფუძვლოა ასევე მსჯავრდებულების განცხადება, თითქოს ეზღუდებათ კანონით მინიჭებული უფლებები. კერძოდ, საჩივრების დაწერის უფლება. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ საჩივარი, რომელიც მედიასაშუალებებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, სწორედ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ გაუგზავნა საჩივარში მითითებულ ადრესატებს. უწყების ცნობით, N3 დაწესებულებაში მოთავსების (15.12.2018) დღიდან, დაწესებულების ადმინისტრაციამ გ.მ.-ის მიერ მომზადებული ოთხი საჩივარი გაგზავნა საჩივრებში მითითებულ რამდენიმე ათეულ ადრესატთან.

სამსახური აცხადებს, რომ საჩივრების შეზღუდვასთან დაკავშირებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. N3 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, ისევე, როგორც სხვა დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს, საჭიროებისამებრ დროულად მიეწოდებათ სამედიცინო სერვისები.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ  გ.მ-მ, დ.ჭ-მ და შ.დ-მ თვითდაზიანებები მიიყენეს და აღნიშნული ქმედების მიზეზი არ განმარტეს.

„2 აპრილს გ.მ. ადვოკატს შეხვდა, რის შემდეგაც საკანში კარადა დააზიანა, ამის შემდეგ ის დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. 2 აპრილს საკანში დარჩენილმა დ.ჭ-მაც დააზიანა საკანში არსებული კარადა. ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, დ.ჭ. და შ.დ. არაადეკვატურად იქცეოდნენ, თვითდაზიანებებით იმუქრებოდნენ და ციხის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ისინი ამჟამად დეესკალაციის საკანში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გუშინ ადვოკატმა თეონა ნიკოლაიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის ციხეში პროტესტის ნიშნად სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. მისი თქმით, პატიმრები ციხეში არსებულ მძიმე პირობებს აპროტესტებდნენ.

დატოვე კომენტარი