პენალტი აუღო ნეიმარს, რუნის, ინსინიეს, ახლა მესის - შჩესნი მუნდიალების ისტორიაში შევიდა #1TVSPORT
პოლონეთის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ მეკარემ მსოფლიო ჩემპიონატებზე მოგერიებული პენალტების რეკორდი გაიმეორა. მან არგენტინასთან ბოლო ტურის მატჩში ლეო მესის დარტყმა მოიგერია – პოლონეთის ნაკრების მეკარემ პარტნიორებს, რომლებიც მსაჯს ეკამათებოდნენ, სახალისო ჟესტით ანიშნა, ყველაფერი კარგად იქნებაო და თერთმეტმეტრიანი მართლაც აიღო, თანაც ზედიზედ მეორე მატჩში.
მანამდე ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ორმა მეკარემ მოიგერია ორი პენალტი. 1974 წელს ასევე პოლონელმა, იან ტომაშევსკიმ მეორე ჯგუფურ ეტაპზე სტაფან ტუპერის (შვედეთი) და ული ჰიონესის (გერმანია) დარტყმები მოიგერია. 2002 წელს ეს შედეგი აშშ-ს ნაკრების მეკარემ, ბრედ ფრიდელმა გაიმეორა და, შჩესნის მსგავსად, ეს ზედიზედ ორ მატჩში გააკეთა. იგი პირველად სამხრეთ კორეასთან ლი ეულ-იანგის დარტყმას გადაეღობა, შემდეგ კი პოლონელ მაციე ჟურავსკის აჯობა.
შჩესნის სეივი ასევე უნიკალურია იმითაც, რომ მეკარემ მხოლოდ მეორედ მოიგერია პენალტი, რომელიც მისი დარღვევის შედეგად დაინიშნა. პირველი ეს ფრანგმა ჟოელ ბატსმა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო, რომელმაც 1/4 ფინალში ზიკოს დარტყმა აიღო.
საუდის არაბეთთან მატჩის შემდეგ (2:0), რომელშიც შჩესნიმ სალემ ალ-დაუსარის პენალტი მოიგერია (დამატებაზეც საოცარი სეივით გამოიჩინა თავი), პოლონელმა მეკარემ აღიარა, რომ მან იცოდა მეტოქის მოთამაშის დარტყმის მანერა.
„ჩვენ შევისწავლეთ, როგორ ასრულებდა პენალტს ალ-დაუსარი. ვიცოდი, რომ ელოდა და უყურებდა, როგორ იქცევა მეკარე დარტყმის წინ. ამიტომ ჯერ მარცხნივ წავედი, შემდეგ კი მარჯვნივ გადავხტი და სწორედ იქით დამირტყა“, – აღიარა მეკარემ.
როგორც ჩანს, შჩესნი მესის პენალტსაც სწავლობდა. არგენტინასთან მატჩის წინ მეკარემ თქვა:
„შეიძლება თუ არა პენალტიდან მესის დარტყმა ავიღო? გაცილებით რთულია მისი ანალიზი, რადგან ურტყამს ცენტრშიც და კუთხეებშიც. მზად ვიქნები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენს კარში პენალტები აღარ დაინიშნება“.
მატჩის შემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიის გათვალისწინების გარეშე, შჩესნიმ კარიერაში 87 პენალტიდან 26-ე აიღო – ანუ დარტყმების 29,88 პროცენტი. შჩენსნის მსხვერპლთა სიაში არიან: უეინ რუნი, ანტონიო დი ნატალი, დირკ კიუიტი, ედინ ძეკო, ნეიმარი, გონსალო იგუაინი, ლორენცო ინსინიე (ორჯერ), ჩირო იმობილე. სხვათა შორის, შჩესნიმ პენალტი ევრო 2020-ზე მოიგერია – მაშინ ესპანელმა ჯერარდ მორენომ ვერ გაუტანა.
ორი ტურის შედეგების შემდეგ, ვოიცეხი პირველ ადგილზე სტატისტიკით – ორ მატჩში (მექსიკასთან და საუდის არაბეთთან) მეკარემ პოლონეთი საშუალოდ თამაშში თითქმის სამი გაშვებული გოლისგან იხსნა.