პეკინი 2022 | ინდივიდუალური რბოლა კაცებში 20 კმ-ზე ფრანგმა ქვენტინ ფილონ მაიემ მოიგო #1TVSPORT
პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბიატლონში (კაცებში) ინდივიდუალური რბოლა 20 კმ-ზე გაიმართა. შეჯიბრება საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ფრანგი სპორტსმენის, 2021/2022 წლების საერთო ჩათვლის ლიდერის, 29 წლის ქვენტინ ფილონ მაიეს გამარჯვებით დასრულდა.
მან დისტანციაზე სწრაფად ირბინა, ასევე 20 სროლიდან 18 ზუსტად შეასრულა და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიპოვა.
მაიეს დღემდე ოლიმპიადებზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში მედალი არ ჰქონდა აღებული, იგი მსოფლიო თასის ეტაპების 11-გზის გამარჯვებულია და მიმდინარე სეზონის საერთო ჩათვლის ლიდერია.
დღევანდელ რბოლაში მეორე ადგილზე ყველასათვის მოულოდნელად, ბელარუსი ანტონ სმოლსკი გავიდა. იგი გამარჯვებულს 14.8 წამით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ნორვეგიელი იოჰანეს ბო გახდა (+31.1).
11 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ბიატლონში თბილისის დროით 13:00 საათზე, სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.