პეკა ჰაავისტო - ფინეთი ამ ეტაპზე არ ცვლის გადაწყვეტილებას და ნატო-ში გაწევრიანებისკენ სვლას შვედეთთან ერთად გააგრძელებს
პეკა ჰაავისტო - ფინეთი ამ ეტაპზე არ ცვლის გადაწყვეტილებას და ნატო-ში გაწევრიანებისკენ სვლას შვედეთთან ერთად გააგრძელებს

ფინეთი ამ ეტაპზე არ ცვლის გადაწყვეტილებას და ნატო-ში გაწევრიანებისკენ სვლას შვედეთთან ერთად გააგრძელებს, – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ გააკეთა.

ფინეთი ამგვარად გამოეხმაურა თურქეთის ხელისუფლების მინიშნებას, რომ ანკარა მზადაა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირება შვედეთისგან განცალკევებით მოახდინოს.

„ერდოღანის განცხადება ცხადჰყოფს, რომ თურქეთის მხრიდან არსებობს მზადყოფნა, დააჩქაროს ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების პროცესი, თუ ეს საჭირო გახდება. ჩვენ, ფინეთში მივისწრაფოდით და ახლაც გვსურს, რომ ნატო-ში შვედეთთან ერთად გავწევრიანდეთ. უკანასკნელ ათ თვეში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ მიზნის მისაღწევად. შვედეთი ჩვენი უახლოესი მოკავშირეა როგორც თავდაცვის საკითხებში, ისე საგარეო პოლიტიკაში და ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ნატო-სა და ალიანსის ცალკეული წევრი ქვეყნების წარმომადგენლებსაც მიაჩნიათ, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ფინეთი და შვედეთი ერთდროულად გახდებიან ნატო-ს წევრები.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესი ყველაზე გვიან, წელს, ივლისში, ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტოკჰოლმი არ უნდა ელოდოს თურქეთისგან მისი ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის მხარდაჭერას. ამ განცხადების მიზეზი ერთი კვირის წინ შვედეთში გამართული ანტითურქული საპროტესტო აქციები გახდა, სადაც ყურანი დაწვეს.