პატრის ევრამ აღიარა, რომ ნარკოტიკებს ყიდდა და მოწყალებას ითხოვდა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ მონაწილეობა მიიღო BBC-ის შოუში, რომელშიც გულახდილად ილაპარაკა თავის ბავშვობაზე.
„ნარკოტიკებს ვყიდდი. მოწყალებას ვითხოვდი. ვმუშაობდი ტელევიზორების მაღაზიაში. აქედან მხოლოდ ერთია ტყუილი“, – განაცხადა ევრამ რუბრიკაში, სადაც მაყურებლებმა უნდა გამოიცნონ ორი მართალი ფაქტი შოუს გმირზე.
„ტელევიზორებს არ ვყიდდი. სხვა დანარჩენი – სიმართლეა. 13 წლის ვიყავი. ღამღამობით, როცა ცივ „ბიგ მაკებს“ ყრიდნენ, ჩვენ ნაგვის კონტეინერებს ვაკითხავდით ხოლმე. როცა მამაჩემი წავიდა, ყველაფერი რაღაც ქაოსში გადაიზარდა.
ფეხბურთმა გადამარჩინა. 17 წლისა იტალიაში წავედი. მახსოვს, როცა ჩავედით, იქ მაგიდაზე კერძები მოგვართვეს. ჩემს ოთახში დავბრუნდი, სპორტული კოსტუმი ჩავიცვი და დედას დავურეკე: „აქ სამოთხეა. ადამიანები საკვებს გვიმზადებენ, თეფშს კი ორი ჩანგალი და ორი დანა მოყვება“. ეს საუკეთესო მოგონებაა“, – მოჰყავს ევრას სიტყვები გაზეთ „დეილი მეილს“.