„პატრიოტთა ალიანსი“ „საფინანსო კომპანია საქართველოს“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებული საქმის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი 17 ივნისის ბიუროს სხდომას წარედგინება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხი შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ საქმიანობაა, რის შედეგადაც, უამრავი ადამიანი დაზარალდა.
„აგრეთვე, საქართველოს ერონული ბანკის, სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მათ შორის, თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა უნდა მოხდეს. ასევე, იმის შესწავლა, თუ რამდენად ადეკვატური იყო საქართველოს ეროვნული ბანკის რეაგირება, შეიძლებოდა თუ არა ამ და სხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სათანადო, დროული და ეფექტური რეაგირების შემთხვევაში, ფაქტობრივად დამდგარი ზარალის თავიდან აცილება. იმის დადგენაც უნდა მოხდეს, თუ რამდენად იკვეთება საქმეში თანამდებობის პირთა და მოხელეთა დანაშაულებრივი გულგრილობა. აგრეთვე, დაზარალებულების ზუსტი რაოდენობა და მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა დადგინდეს. იმ აქტივებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა უნდა მოხდეს, საიდანაც შესაძლებელია დაზარალებულთა დაკმაყოფილება“, – ნათქვამია დადგენილების პროექტში.