„პატრიოტთა ალიანსი“ ითხოვს, პოლიტიკური რეკლამის ტელეეთერში განთავსება არასაარჩევნო პერიოდშიც იყოს დაშვებული
„პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკური რეკლამის დაშვებას არასაარჩევნო პერიოდშიც ითხოვს.
„მაუწყებლის შესახებ კანონში“ პარტიის მიერ მომზადებული შესაბამისი ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა, თუმცა მას მხარი არ დაუჭირა.
ირმა ინაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მომზადება განაპირობა დღეს არსებულმა საკანონმდებლო რეგულაციამ, რომლითაც პოლიტიკურ პარტიას არაწინასაარჩევნო პერიოდში არ შეუძლია, საკუთარი იდეები საზოგადოებას მიაწოდოს.
„პარტიებს ახალი იდეები და წამოწყებები გვაქვს არასაარჩევნო პერიოდშიც და მნიშვნელოვანია, რომ შეგვეძლოს ამ დროს პოლიტიკური ფასიანი რეკლამის განთავსება ტელევიზიებში, რომელითაც ჩვენი საქმიანობის შესახებ საზოგადოება მეტს გაიგებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.