პატრიარქი - ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის
პატრიარქი - ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის

უცნაური ვითარება შეიქმნა, ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

ეპისტოლეს თანახმად, ადამიანებს დაფიქრების საშუალება მიეცათ და აღმოაჩინეს რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ მნიშვნელოვნად მიაჩნდათ.

„მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. სამაგიეროდ წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამასთან, სახელმწიფოებმა თვით უზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულის მდგომარეობა წამგებიანი გახდა. ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება.

უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობს, გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

პატრიარქი მრევლისადმი წმ. გრიგოლ პალამას სიტყვებს იხსენებს:  – ამის წინ, მრავალი საშიშროება შეგვემთხვა, მერე გაგვასახლეს და თავს დაგვატყდა სენიც, ყველა საშინელებაზე უფრო საშინელი; ქრისტეს მშვიდობით აღვსილნი მაშინაც მხოლოდ ჩვენ ვზეიმობდით ყველასგან დევნილნი… და ტაჯვა-წამების თითოეული ადგილი ჩვენთვის იქცა სადღესასწაულო სივრცედ. ჩვენი ძმების უმრავლესობა, ზეაღმატებული სიყვარულისა და ძმათმოყვარეობის გამო, თავს არ ზოგავდა, უშიშრად ემსახურებოდა სნეულებს. მრავალი მათგანი, ვინც ავადმყოფებს უვლიდა და სხვებს განამტკიცებდა, თვითონაც დასნეულდა და გარდაიცვალა. ამგვარად ტოვებდნენ მიწიერ ცხოვრებას ჩვენს შორის საუკეთესონი. ღვთისმოსაობისა და რწმენის გამო ასეთი აღსასრული მოწამეობაზე ნაკლები როდია.

„ამგვარი სულისკვეთება ქრისტიანისათვის ახლობელია; თუმცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილეც გვმართებს, რომ არ განვცადოთ უფალი; ამასთან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მით უმეტეს, ჩვენი სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია. მთავარია, შევინარჩუნოთ ზომიერება, სულის სიმშვიდე და ღმერთთან სიახლოვის სიხარული. ეს კი ლოცვით და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთთან სწორი პიროვნული დამოკიდებულებით, ანუ რწმენით მიიღწევა“, – აცხადებს ილია მეორე ეპოსტოლეში.

პატრიარქის თქმით, რწმენა ქვაკუთხედია ჩვენი არსობისა და განსაზღვრავს ჩვენი აზროვნებისა და ცხოვრების წესს.

„იგი ღვთით უნდა მოგვეცეს და მოგვეცემა კიდეც, თუ მოვინდომებთ და ვიღვაწებთ. შევნიშნავთ იმასაც, რომ არ არის სწორი, მორწმუნე ნაწილმა ურწმუნონი (ან მცირედმორწუნენი) დაადანაშაულოს და პირიქით“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.