პარტია „საქართველოსთვის“ - ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ გელა აბულაძე იყოს თავისუფალი
ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ გელა აბულაძე იყოს თავისუფალი, – აცხადებენ პარტიაში „საქართველოსთვის“.
„დღეს, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, გელა აბულაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების – აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებისა და საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ.
როგორც თქვენთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება წინასაარჩევნოდ გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის განსახორციელებლად დაიწყო.
მიუხედავად ამისა, ოცნების ხელისუფლებამ ვერ შეძლო გელა აბულაძის დაშინება, მან გააგრძელა ბრძოლა ჩვენს გუნდთან ერთად და გაიმარჯვა კიდეც 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ის წალენჯიხის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
ისიც ყველასთვის ნათელია, რომ „ოცნება“ ვერაფრით ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და ცდილობს პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ.“ – აცხადებენ პარტიაში.
მათივე ცნობით, განსაკუთრებით მძაფრ და კამპანიურ ხასიათს ატარებს ეს უკანონო ქმედებები პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მიმართ.
„რომ აღარაფერი ვთქვათ, დაშინებებისა და გადაბირების მცდელობის ფაქტებზე, რომელშიც მთელი სახელმწიფო სისტემაა ჩართული, ყველას გვახსოვს, იარაღის ჩადებით აკაკი ბართაიას უკანონო დაპატიმრება, ისევე როგორც მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმა, ცაგერის მერობის კანდიდატის, ბესიკ ბენდელიანის ავტომანქანის დაცხრილვის ფაქტები, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია.
სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 18 მარტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პოლიტიკური შურისძიების მიზნით, დააკავა გელა აბულაძე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, აღკვეთის ღონისძიების სახით, უკანონო პატიმრობა შეუფარდა.
გელა აბულაძის ოჯახის წევრები და ნათესავები კი, მათ შორის მისი ხანდაზმული დედა, რომელიც ფიზიკურად ვერ გადაადგილდება, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული.
ეს უკანონო გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოვითხოვთ, აღნიშნული საქმის ზეპირ განხილვას.
ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გელა აბულაძე იყოს თავისუფალი“, – აცხადებენ პარტიაში.