ანა წითლიძემ მიხეილ დაუშვილს მიმართა - ნაძირლები რომ ხართ, დიდი ხანია, ვიცით, ძალიან არასწორი და დიდი პოლიტიკური შეცდომაა იმის თქმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენეთ
ანა წითლიძემ მიხეილ დაუშვილს მიმართა - ნაძირლები რომ ხართ, დიდი ხანია, ვიცით, ძალიან არასწორი და დიდი პოლიტიკური შეცდომაა იმის თქმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენეთ

ნაძირლები რომ ხართ, ეგ დიდი ხანია, ვიცით. ძალიან არასწორი და დიდი პოლიტიკური შეცდომაა იმის თქმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენეთ, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, მიხეილ დაუშვილს „მთავარ არხის“ ეთერში.

მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია არ აქვთ. „„ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ“, – აღნიშნა დაუშვილმა.

როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ იძულებული გახდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან გაეკეთებინა კოალიცია, რადგან საკრებულოებში სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ შევიდნენ.

„არასერიოზული ხალხი ხართ, ახლა საქართველოს მოქალაქეები გვისმენენ. ხომ არ დასცინი საქართველოს მოქალაქეებს? ერთი საკრებულო ავიღოთ, ზუგდიდის საკრებულოში ავირჩიეთ გახარიას ტიპი – ფარულავა თავმჯდომარედ, ორი მოადგილე ჰყავს ყოფილი „ნაცებიდან“, ოთხი კომისია არის ჩვენი, „ქოცები“ არიან „ოფსაიდში“. ნაძირლები რომ ხართ, ეგ დიდი ხანია, ვიცით. ძალიან არასწორი და დიდი პოლიტიკური შეცდომაა მაგის თქმა, არც დაგეთანხმები და არც გალაპარაკებ მაგაზე. აქ საუბარი არის იმ მოქალაქეების დაცინვაზე, ვინც თქვენ ხმა მოგცათ, მათ შორის ზუგდიდში. ჩვენ იძულებული გავხდით, მაშინ თქვენთან კოალიცია გაგვეკეთებინა, რადგან სხვა ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ შემოვიდა. ხალხს ატყუებდით, დადიოდით და იძახდით, ბიძინას მეორე პროექტი ვართო.

საქართველოს მოქალაქეებმა ეს სიტყვები უნდა მოისმინონ და თავად გადაწყვიტონ, ადამიანი, რომელიც ეთერში ზის და ახლა ამბობს ამას. ჩვენ, იცით, რატომ დავთანხმდით? მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი იყო ჩემთვის, და დღესაც გახარია არის დამნაშავე ია კერზაიას მკვლელობაში, დღესაც ვამბობ, რომ ამაზე სასამართლოს პასუხი უნდა გასცეს – იცით, რატომ დავთანხმდით? უმძიმესი გადაწყვეტილება მივიღეთ – ჩვენ გვქონდა ორი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ 22 საკრებულოს წევრი ვიყავით ზუგდიდის საკრებულოში, დავუთმეთ თავმჯდომარეობა, რადგან გაიჭინთნენ მაშინ, რომ თავჯდომარე თუ არ ვიქნებით, საერთოდ არაფერი გვინდაო.

ჩვენ ორი არჩევანი გვქონდა – „ქართული ოცნების“ უნდა ყოფილიყო საკრებულო, ან უნდა ყოფილიყო ჩვენი კოალიცია გახარიასთან, ან უნდა ჩატარებულიყო ხელახალი არჩევნები, რაც ნიშნავდა იმას, რომ საკრებულოში შევიდოდით მხოლოდ ჩვენ, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და არა – გახარია. კოალიცია ჩვენთან გაქვს და ახლა დგახარ, თავს იმართლებ. ხელფასებზე ვაჭრობდით, ვის ექნებოდა 100-200 ლარით მეტი, ეგრე თუ წავალთ, ისეთ რაღაცებს გეტყვით, ძალიან გაგიტყდებათ. ნურც ზუგდიდელებს, ნურც რუსთაველებს და ნურც ნურავის, სადაც კოალიციური მმართველობა გვაქვს, ნუ აკადრებთ, რომ გამოიყენეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ან თქვენი ამომრჩეველი. პოლიტიკაში ყოფნა თუ გინდათ, ასეთ შეცდომას არ უნდა უშვებდეთ“, – განაცხადა წითლიძემ.