გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა
გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები წარუდგინა.

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. გიორგი გახარიამ შს მინისტრად ვახტანგ გომელაურის, ხოლო თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურები წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

ამასთან, მთავრობის შემადგენლობაში სხვა ცვლილებები არ იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მამუკა ბახტაძემ გუშინ დატოვა.  როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისია შეასრულა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება დასჭირდება. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.