პარლამენტთან რამდენიმე აბიტურიენტი საპროტესტო აქციას მართავს
პარლამენტთან რამდენიმე აბიტურიენტი საპროტესტო აქციას მართავს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან რამდენიმე აბიტურიენტი საპროტესტო აქციას მართავს.

აბიტურიენტები ყველა საგამოცდო ცენტრის კონდიცირების სისტემით აღჭურვას ითხოვენ.

მათი თქმით, გაუსაძლის სიცხეში რთულია კონცენტრირება და აუცილებელია პირობების შექმნა, რომ ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ.

„გარემო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მით უფრო, როდესაც წყდება ამდენი აბიტურიენტის ბედი. ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ვითხოვთ, რომ განათლების სამინისტრო შევიდეს ჩვენს მდგომარეობაში, მოაგვაროს პრობლემა, რომ ყველა სკოლაში იყოს კონდიცირების სისტემა“, – განაცხადა პირველ არხთან ერთ-ერთმა აბიტურიენტმა ელენე მეტრეველმა.

განათლების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ დღეს აღნიშნა, რომ რამდენიმე საგამოცდო ცენტრში კონდიციონერების მონტაჟი მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 29 ივნისს განაცხადა, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების დამონტაჟება არის საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა. ამასთან, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა.