რამდენიმე საგამოცდო ცენტრში კონდიციონერების მონტაჟი მიმდინარეობს
რამდენიმე საგამოცდო ცენტრში კონდიციონერების მონტაჟი მიმდინარეობს

თბილისის 103-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში კონდიციონერების მონტაჟი მიმდინარეობს.

განათლების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას თქმით, მსგავსი სამუშაოები ამ წუთებში კიდევ ორ სკოლაში, თბილისის 175-ე და ზუგდიდის მეორე სკოლაში მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე სპეცსისტემები სამ სკოლაში მონტაჟდება. შერჩევის კრიტერიუმი ორია – ტემპერატურული რისკები და ის, რომ ყველა სკოლას არ აქვს საშუალება, ელექტრომამარაგების სიმძლავრეებით უზრუნველყოს ყველა ოთახში კონდიცირების სისტემის მუშაობა, შესაბამისად, ამ ეტაპზე ხდება დამონტაჟება იმ სკოლებში, სადაც ამის საშუალებაა“, – განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების დამონტაჟება არის საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა. ამასთან, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა.