რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებსაც პირველადი დახმარება ადგილზე მყოფმა სამედიცინო ბრიგადებმა აღმოუჩინეს.
ამასთან, დაშავებულთა შორის არიან სამართალდამცველებიც.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, „აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მიმართ სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შსს-ს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“.
პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს.
პარლამენტთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.