პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შესახებ დადგენილების პროექტი განიხილეს
პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შესახებ დადგენილების პროექტი განიხილეს

პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შესახებ დადგენილების პროექტი განიხილეს. დადგენილების პროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ წარადგინა.

დადგენილების პროექტის მიხედვით, კომისიის შემადგენლობაში არიან ეკა ხოფერია – ჟურნალ „სითის“ რედაქტორი და დამფუძნებელი; სოფო ნარჩემაშვილი – ტელეწამყვანი, ჟურნალისტი; მარიამ გოგოსაშვილი – ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი; თორნიკე გურული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; დავით ცხადაძე – კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე; მაკო ჯაოშვილი – საერთაშორისო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯისვიცე-რექტორი; ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; ანი კიკნაძე – მედიაკავშირი „ობიექტივი“, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გიორგი ნონიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, მოწვეული პედაგოგი.

დეპუტატებმა თალაკვაძეს კითხვით მიმართეს, კონკრეტულად ვინ დაასახელა აღნიშნული კანდიდატები. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომისიის შემადგენლობა დასახელდა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, ასევე აკადემიური წრეებიდან და თავად სექტორიდან.

„საპარლამენტო უმრავლესობას ევალება ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა. რეგლამენტი, საუკეთესო პრაქტიკა ითვალისწინებს, რომ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ჯგუფის დასახელებული ადამიანი იყოს წარმოდგენილი, ასევე აკადემიური წრეებიდან და თავად სექტორიდან. ამ შემთხვევაში, საკითხი ეხება მედიას. მინდა გითხრათ, რამდენიმე მაგალითი. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ მიერ იყო დასახელებული დავით ცხადაძე, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ იყო დასახელებული ანი კიკნაძე, სახალხო დამცველის მიერ იყო დასახელებული ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი და ასევე აჭარის ხელისუფლების მიერ და უმრავლესობის მიერ იყვნენ დასახელებული დანარჩენი კანდიდატები. აქ არიან როგორც მედიის, ასევე არიან აკადემიური სექტორის წარმომადგენლები. ისინი არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ არიან ნდობით აღჭურვილები. შესაბამისად, სწორედ ეს წარმომადგენლობა, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, ვინაიდან შერჩევის პროცესზე, მონაწილეებზე, გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურაზე დაშვება ექნება სხვადასხვა მხარეს, რომელიც როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისით ერთმანეთს აკონტროლებენ და აბალანსებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს იყო პრინციპი, რის მიხედვითაც დაკომპლექტდა კომისიის შემადგენლობა“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ბორდის შემადგენლობა წლების განმავლობაში იყო პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„რაც შეეხება თავად მმართველი ბორდის შემადგენლობას. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ეს საკითხი იყო პოლიტიკურ დღის წესრიგში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში და სწორედ მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ფარგლებში, უკვე ორი ან სამი წელია, როდესაც პოლიტიკური კამათი, თუ პოლიტიკური დაპირისპირება ამასთან დაკავშირებით მინიმუმამდე არის შემცირებული, თუ არა საერთოდ აღმოფხვრილი. ეს მიუთითებს, რომ დაბალანსებული წარმომადგენლობა ბორდში სწორედ უზრუნველყოფს სხვადასხვა ინტერესების გათვალისწინებას, იმ ეფექტურ ბალანსსა და კონტროლს, რომელიც ასევე სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს დემოკრატიული კონტროლისთვის“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საინფორმაციო, ყოველდღიური საქმიანობის, ასევე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მედიაპროექტების მიმართულებით, საქმიანობას ახორციელებს ბევრად ეფექტურად, ვიდრე იყო წინა წლებში.

„ორი სიტყვით მინდა, საზოგადოებრივ მაუწყებელსაც შევეხო, ვინაიდან ეს ბორდი სწორედ მის საქმიანობას აკონტროლებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებასთან დაკავშირებით. გახსოვთ, წინა სესიებზე ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური პოლიტიკური დებატები, იყო კამათი დაფინანსებასთან დაკავშირებით, იყო საუბარი ამ მედიასაშუალების ნდობაზე, მის ეფექტურობაზე და ა.შ. დღეის მოცემულობით, შეიძლება ითქვას, რომ როგორც საინფორმაციო, ყოველდღიური საქმიანობის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მედიაპროექტების მიმართულებით, რომელიც კანონმდებლობით პირდაპირ ევალება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს მედია, ეს ტელევიზია, თავის საქმიანობას ახორციელებს ბევრად ეფექტურად, ვიდრე ეს იყო ნებისმიერ წინა წელს. ამის მაგალითებად შემიძლია, მოგიყვანოთ თუნდაც გადაცემების მრავალფეროვნება, საზოგადოებრივი რეიტინგის მაჩვენებელი, რომელიც ამ ტიპის მედიისთვის და ჩვენი ადგილობრივი მედიაკონტექსტის გათვალისწინებით არის ნამდვილად დადებითი შეფასების ღირსი“,- განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით წარმატებული ინიციატივა იყო „ტელესკოლა“.

„განსაკუთრებით მინდა, გამოვყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა კოვიდინფექციის, პანდემიის პერიოდში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველაზე ეფექტურად უპასუხა იმ საჭიროებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ჰქონდა. მათ შორის, განსაკუთრებით წარმატებული ინიციატივა იყო „ტელესკოლა“, რომელმაც ათასობით მოზარდის, ათასობით ბავშვის, მოსწავლის წვდომა უზრუნველყო საგანმანათლებლო პროცესთან იმ პირობებში, როდესაც საგანგებო მდგომარეობაში იყო ქვეყანა და სასწავლო პროცესი ჯერ კიდევ არ არის განახლებული.

ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ საქმიანობს საზოგადოებრივი მაუწყებელი და როგორ აისახა მის საქმიანობაზე დაფინანსებასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ათმა კანდიდატმა გამოთქვა. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ესენი არიან: ზაზა აბაშიძე, თამარ ამაშუკელი, ნათია კაპანაძე, გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, ოთარ შაორშაძე, დოდო შონავა, კონსტანტინე ჩლაიძე, ნინო ჭალაგანიძე და ზაურ ხალილოვი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტმა კონკურსი მიმდინარე წლის 17 მარტს გამოაცხადა.

საკონკურსო კომისიის შესახებ დადგენილების პროექტს პარლამენტი ხვალ უყრის კენჭს.