პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის შემდეგ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო [ფოტო/ვიდეო]

პარლამენტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმები საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის გამო რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. ერთ-ერთი მათგანი იყო დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, არის ალერგიული და გაურკვეველი სუნის გამო თავი ცუდად იგრძნო.

ამასთან, ცუდად გახდა პარლამენტის აპარატის თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, სხდომათა დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა.

დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ამ დროისთვის სესიაზე შესვენებაა გამოცხადებული. სხდომათა დარბაზში სამართალდამცველები მუშაობენ.