პარლამენტში პოლიტიკური დებატების დანიშვნისთვის საკმარისი 30 დეპუტატის თანხმობა იქნება
პარლამენტში პოლიტიკური დებატების დანიშვნისთვის საკმარისი 30 დეპუტატის თანხმობა იქნება

საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატების დანიშვნისთვის საჭირო 50 დეპუტატის ნაცვლად, 30 დეპუტატის თანხმობა იქნება.

აღნიშნულ სიახლეს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიცირება პირველი არხის ინფორმაციით, დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედის მოთხოვნით, თვეში ერთხელ, პოლიტიკური დებატების დღე ინიშნება.

რაც შეეხება პოლიტიკური დებატებისთვის გამოყოფილ დროს, ცვლილებებით, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას თითოეულს 45 წუთი ეძლევა, თითოეულ ფრაქციას – 15
წუთი, ხოლო თითოეულ განსხვავებული აზრის გამოთქმის მსურველ პარლამენტის წევრს – 3 წუთი.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პოლიტიკური დებატების ბოლოს 15 წუთიანი გამოსვლის უფლებით ისარგებლოს.

რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქციით, პოლიტიკური დებატების დანიშვნას სულ მცირე 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.