პარლამენტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
საქართველოს პარლამენტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი უკვე შეტანილია პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული თანამდებობა გასული წლის ბოლოს ეკა ბესელიამ დატოვა. კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე დავით მათიკაშვილი ასრულებს.
ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის და საქმიანობას სრულად თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დაიწყებს.