პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეები სამინისტროების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას გაეცნენ, რის შემდეგაც დისკუსია წარიმართა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ შეხვედრის მნიშვნელობასა და სამოქმედო გეგმაში გაწერილი აქტივობების შესრულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი ორი წლის გეგმაში შევიდა მართლმსაჯულების რეფორმა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები და სხვა საკითხები.
„დღევანდელი შეხვედრა დაეთმობა იმ კანონპროექტების გაცნობას, რომელზეც კომიტეტი მომავალი ორი წლის განმავლობაში იმუშავებს. სიახლეს წარმოადგენს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ფარგლებში საკომიტეტო სხდომებზე შესაბამისი პირების მოსმენების გრაფიკის შედგენა. მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტი ახალ ინიციატივებზე აპირებს მუშაობას და ამ პრიორიტეტებში გამოყოფილია მართლმსაჯულების რეფორმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებები. ასევე ვგეგმავთ ზედამხედველობის განხორციელებას იმ კანონების შესრულებაზე, რომელიც უკვე მიღებულია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა, ხმაურის შესახებ კანონი და სხვა. ეს იქნება ახალი მიდგომა, რომლითაც კომიტეტი აძლიერებს როგორც საკანონმდებლო პროცესის სტანდარტებს, ასევე საზედამხედველო მიმართულებებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხის კომისია 2019- 2020 წლის სამოქმედო გეგმაზე ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების ერთობლივი პროგრამის, „ადამიანის უფლებები ყველასთვის” მხარდაჭერით მუშაობს. სამუშაო შეხვედრას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები და სხვადასხვა სამინისტოების სპარლამენტო მდივნები ესწრებოდნენ.