პარლამენტი 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე დადგენილების სამ პროექტს განიხილავს
პარლამენტი 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე დადგენილების სამ პროექტს განიხილავს

საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესიაზე 20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ განვითარებულ მოვლენებზეც  მოუწევს მსჯელობა.

20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილია დადგენილების სამი პროექტი. ერთ-ერთი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის მომზადებული, მეორე – „ნაციონალური მოძრაობის“, მესამე კი – „ევროპული საქართველოს“.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად და გამოიძიოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის ფაქტი, მასთან დაკავშირებული ძალადობრივი ქმედებები და გამოავლინოს ორგანიზატორები და მონაწილეები; ასევე სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, მათ მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო შემთხვევები და შესაბამისი პირები.

„მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი აუცილებლობად მიიჩნევს ზემოაღნიშნული გამოძიების დროულად დასრულებას და გამოძიების გათვალისწინებით, 20-21 ივნისს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ შეფასებას“, – აღნიშნულია უმრავლესობის დადგენილების პროექტში.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის შინაარსს, დოკუმენტი აღნიშნულია, რომ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული  მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილია „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ეხება. კერძოდ, დოკუმენტში აღნშნულია, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე პოლიციისა და სპეცილური დანიშნულების რაზმის მხრიდან ძალის გადამეტების გამო, რასაც მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ასევე ძალის გადამატების ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირას განაახლებს.

რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, 3 სექტემბერს პლენარული სხდომა გაიმართება, თუმცა მანამდე, დეპუტატები ბიუროს სხდომის ფორმატში შეიკრიბებიან.

დატოვე კომენტარი