პარლამენტის საშემოდგომო სესია მომავალ კვირას გაიხსნება
პარლამენტის საშემოდგომო სესია მომავალ კვირას გაიხსნება

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირას განაახლებს.

რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, 3 სექტემბერს პლენარული სხდომა გაიმართება, თუმცა მანამდე, დეპუტატები ბიუროს სხდომის ფორმატში შეიკრიბებიან.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა მოუსმინოს და 20 მოსამართლე აირჩიოს.

ამასთან, პარლამენტმა ის წლიური ანგარიშებიც უნდა მოისმინოს, რომლის განხილვაც საგაზაფხულო სესიაზე გადაიდო. მათ შორისაა – პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველის, გენერალური პროკურორისა და აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშები.

საგაზაფხულო სესიაზე მამუკა ბახტაძის მოსმენა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო, გენერალური პროკურორის მოსმენა კი, სავარაუდოდ, მისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობის გამო.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს დაიხურება.