პარიზში მიმდინარე აქციაზე ყვითელჟილეტიანები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ [ფოტო]
პარიზში მიმდინარე აქციაზე ყვითელჟილეტიანები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ [ფოტო]

პარიზში მიმდინარე 25-ე მანიფესტაციაზე ყვითელჟილეტიანები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარიზში მიმდინარე აქციაზე „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მაქსიმ ნიკოლმა განუცხადა, მათი მოთხოვნა გადასახადების შემცირება და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. მისი თქმით, ხელისუფლება გადასახადებზე შეღავათებს მხოლოდ მსხვილ კომპანიებს უწესებს.

ამასთან, მაქსიმ ნიკოლის განცხადებით, აქციის მონაწილეები საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრისა და ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომასაც მოითხოვენ.

მისი თქმით, მოქალაქეები არ აპატიებენ ხელისუფლებას, რომ საპროტესტო აქციებზე ძალიან ბევრი ადამიანი დაშავდა.

საფრანგეთის დედაქალაქში ყვითელჟილეტიანების 25-ე მანიფესტაცია დღეს მაჯენტას ბულვარიდან დაიწყო. ყვითელჟილეტიანები მაჯენტას გამზირის გივლით, მსვლელობით ნაციონალურ მოედანზე მიემართებიან. გადაკეტილია რამდენიმე ცენტრალური ქუჩა.

აქციის პარალელურად მიმდებარე ტერიტორიებზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ყვითელჟილეტიანების აქციები საფრანგეთის ქალაქებში ყოველ შაბათ-კვირას, გასული წლის ნოემბრიდან იმართება.