პარიზის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი - სენაზე წყლის ხარისხი მისაღებია და შეჯიბრებები გაგრძელდება #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე ბელგიის ნაკრებმა უარი განაცხადა ტრიატლონში შერეულ ესტაფეტაში მონაწილეობაზე, შვეიცარიის ნაკრებს კი შემადგენლობის შეცვლა მოუხდა მას შემდეგ, რაც ტრიატლონში შეჯიბრის პირველი დღის შემდეგ ნაკრების სპორტმენებმა თავი შეუძლოდ იგრძნეს – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ბელგიამ შეჯიბრში მონაწილეობაზე უარის თქმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბელგიელმა ტრიატლონისტმა, კლერ მიშელმა სენაზე გაცურვის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო.
„ბელგიის ოლიმპიური კომიტეტი და ბელგიელი ტრიატლონისტები იძულებულნი ვართ, განვაცხადოთ, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი სპორტსმენები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ტრიატლონის შერეულ ესტაფეტაში, ეს გადაწყვეტილება ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ სპორტსმენებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ბელგიის ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა.
შვეიცარიის ნაკრები კი იძულებული გახდა, ანდრიენა ბრიფო სხვა სპორტსმენით შეეცვლა მას შემდეგ, რაც ბრიფოს კუჭ-ნაწლავის ინფექცია დაუდგინდა. შვეიცარიის ოლიმპიური ნაკრების მთავრმა ექიმმა, ჰანსპეტერ ბეტშარტმა აღნიშნა, რომ რთულია გადაჭრით საუბარი, ინფექცია უკავშირდება თუ არა მდინარე სენის წყლის ხარისხს.
„სხვა ქვეყნების დელეგაციებსა და კოლეგებთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ იმ სპორტსმენებს შორის, ვინც მდინარე სენაზე ტრიატლონის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მონაწილეობდა, კუჭ-ნაწლავის ინფექციის ხშირ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ბეტშარტმა.
განცხადება გაავრცელა პარიზის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმაც, საიდანაც ირკვევა, რომ შეჯიბრების დღეს ანალიზმა აჩვენა, რომ მდინარე სენის წყლის ხარისხი „ძალიან კარგი“ იყო.
„ოლიმპიადის ორგანიზატორებისთვის სპორტსმენების ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია. რაც შეეხება მდინარე სენაზე მიმდინარე შეჯიბრებებს, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ყოველდღიურად ხდება წყლის ხარისხის შემოწმება და მხოლოდ ანალიზების დადებითი პასუხის მიღებისას, მსოფლიო ტრიატლონის ფედერაციასთან კონსულტაციების შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას შეჯიბრებების გამართვის შესახებ.
შეჯიბრების დღეს სენაში აღებულმა წყლის ნიმუშებმა აჩვენა, რომ, მსოფლიო ტრიატლონის კრიტერიუმების მიხედვით, წყლის ხარისხი იყო „ძალიან კარგი“. ანალიზი ასევე ადასტურებს, რომ მსოფლიო ტრიატლონის ფედერაციისთვის წყლის ხარისხი მომავალ დღეებშიც მისაღებ ფარგლებში იქნება. შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სენაზე შეჯიბრებების გაგრძელების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თამაშებამდე მდინარის გაწმენდაზე დაახლოებით 1,4 მილიარდი ევრო დაიხარჯა. პარიზის მერმა სენაზე საჩვენებელი გაცურვაც მოაწყო, რათა ეჩვენებინა ნდობა წყლის ხარისხის მიმართ და პირობა დადო, რომ თამაშების დასრულების შემდეგ მდინარეზე საცურაო აუზს ააშენებდა.