პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება – აკრძალოს ალკოჰოლური სასმელების მიღება ყველა სტადიონზე, რომლებზეც ზაფხულის თამაშების ტურნირები გაიმართება, – დაწერა გაზეთმა Le Parisien-მა.
ეს გადაწყვეტილება საორგანიზაციო კომიტეტმა 1991 წლის 12 იანვარს მიღებულ კანონზე დაყრდნობით მიიღო, რომლის ერთ-ერთ მუხლში წერია: „აკრძალულია სასმელების გაყიდვა სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებში“. ამასთან, პრეფექტს აქვს უფლება, დროებითი გამონაკლისი დაუშვას სპორტული ან ტურისტული ხასიათის ღონისძიებებისთვის.
როგორც წყარო იტყობინება, ალკოჰოლი 2024 წლის თამაშებზე ყველასთვის აკრძალული არ იქნება. იმავე კანონის თანახმად, შეზღუდვა არ ვრცელდება VIP-პერსონებზე, ამიტომაც ორგანიზატორები მათ შესთავაზებენ შამპანურს, ღვინოსა და ლუდს.
პარიზში ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.