პარიზის „გრანდ სლემი“ - 66 კგ. ​​ვაჟა მარგველაშვილი ფინალში დამარცხდა [ვიდეო]

საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე წლის პირველ „გრანდ სლემზე“ საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოუპოვა.

მარგველაშვილისა და მოლდოველი დენის ვიერუს ფინალური ორთაბრძოლა წუთსა და 25 წამში დასრულდა. ვიერუმ ეფექტური გდება შეასრულა და ოქროს მედალს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილი კი საბოლოოდ ვერცხლს და 700 სარეიტინგო ქულას დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ეს 700 ქულა მარგველაშვილს რეიტინგში გასალიდერებლად ჰყოფნის და ხვალიდან ამ წონას სათავეში ჩაუდგება.

მარგველაშვილამდე პარიზში მედლის აღება თეიმურაზ ნოზაძემაც მოახერხა. 21 წლის ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ, დენიელ ბენ დავიდს სძლია და კარიერაში „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე პირველი მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის, აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს დაუპირისპირდება.

რაც შეეხებათ კიდევ სამ ქართველს, რომლებმაც ასევე დღეს იასპარეზეს, ისინი ფინალურ ბლოკში ვერ მოხვდნენ. ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.), ნიკო ჭიკაიძე (66 კგ.) და ლაშა გიუნაშვილი (73 კგ.) ტურნირს შესაბამისად მესამე, მეორე და პირველ წრეში გამოეთიშნენ.

ხვალ მედლები ვაჟთა დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ნოდარ მეტრეველის გუნდიდან „ბერსი არენაში“ წლის პირველი „გრანდ სლემის“ დასკვნით დღეს, ხუთი ძიუდოისტი – კობა მჭედლიშვილი (81 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) ლაშა ტაველური (100 კგ.), ონისე ბუღაძე (+100 კგ.) და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ.) იასპარეზებს.