პარიზის „გრანდ სლემი“ - 73 კგ. მესამე მედალი საფრანგეთიდან - შავდათუაშვილმა ბრინჯაო დაისაკუთრა [ვიდეო]

ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, ნოდარ მეტრეველისთვის სადებიუტო ტურნირის პარიზის „გრანდ სლემის“ პირველი დღე წარმატებული გამოდგა. ვაჟთა სამი წონითი კატეგორიიდან სამივეში, ქართველები ფინალურ ბლოკში მოხვდნენ და კვარცხლბეკზეც ავიდნენ.

ნაკრებს მესამე მედალი ლაშა შავადთუაშვილმა მოუპოვა. ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მეტოქე, აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი არ გამოუცხადდა და ბრინჯაოც და 500 სარეიტინგო ქულაც, ავტომატურად შავდათუაშვილს ერგო. აღსანიშნავია, რომ ეს ლაშასთვის პარიზში მეორე, სულ კი „გრანდ სლემებზე“ მეხუთე მედალი იყო.

შეგახსენებთ, რომ დღესვე პარიზის „გრანდ სლემზე“ თავისი მეორე მედლის აღება ვაჟა მარგველაშვილმა (60 კგ.) შეძლო. გორელმა ფალავანმა ფინალური შეხვედრა მოლდაველ დენის ვიერუსთან დათმო. მიუხედავად ფინალურ შეხვედრაში მარცხისა მარგველაშვილმა 700 სარეიტინგო ქულა მიითვალა და თავის წონაში რეიტინგის ლიდერი გახდა. საფრანგეთში მედლის აღება თეიმურაზ ნოზაძემაც შეძლო. 21 წლის ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ, დენიელ ბენ დავიდს სძლია და კარიერაში „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე პირველი მედალი მოიპოვა.

რაც შეეხებათ კიდევ სამ ქართველს, რომლებმაც ასევე დღეს იასპარეზეს, ისინი ფინალურ ბლოკში ვერ მოხვდნენ. ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.), ნიკო ჭიკაიძე (66 კგ.) და ლაშა გიუნაშვილი (73 კგ.) ტურნირს შესაბამისად მესამე, მეორე და პირველ წრეში გამოეთიშნენ.

ხვალ მედლები ვაჟთა დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ნოდარ მეტრეველის გუნდიდან „ბერსი არენაში“ წლის პირველი „გრანდ სლემის“ დასკვნით დღეს, ხუთი ძიუდოისტი – კობა მჭედლიშვილი (81 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) ლაშა ტაველური (100 კგ.), ონისე ბუღაძე (+100 კგ.) და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ.) იასპარეზებს.

წინასწარი შეხვედრები 10 თებრვალსაც თბილისის დროით 12:00-იდან, ფინალური ბლოკი კი 20:00-იდან დაიწყება.