პარიზის „გრანდ სლემი“ - 60 კგ. ნოზაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო]
პარიზის „გრანდ სლემზე“ 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს თეიმურაზ ნოზაძე. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალამდე ბრწყინვალედ მივიდა, იქ კი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ იაპონელ, ნაოჰისა ტაკატოსთან ვერაფერი გააწყო და შედეგად 20:00-ზე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.
ნოზაძემ სტარტიდან წუთნახევარში ორი გაფრთხილება მიიღო. ამის შემდეგ ტიტულოვანმა და გამოცდილმა მეტოქემ ვაზა-არიც აართვა. საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე ტაკატომ მეორე ვაზა-არიც აიღო და ფინალში გავიდა სადაც ყაზახ იელდოს სმეტოვს შეხვდება. რაც შეეხება ნოზაძეს, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში იგი ისრაელის წარმომადგენელ დანიელ ბენ დავიდს დაუპირისპირდება.
შეგახსნებთ რომ მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.). მარგველაშვილი ფინალშია, სადაც მოლდოველ დენის ვიერუს შეხვდება. შავდათუაშვილი კი სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანს რეპეშაჟში დაუპირისპირდება.