პარიზის გარეუბანში პოლიციელის მიერ ნასროლი ტყვიით მოზარდის დაღუპვის შემდეგ გამართულ აქციაზე შეტაკებები მოხდა, დაკავებულია 20 პირი
პარიზის გარეუბანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების დროს 20 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
პარიზის გარეუბანში, ნანტერში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ, დილით პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად 17 წლის მოზარდი დაიღუპა. მოზარდმა, სავარაუდოდ, უარი თქვა მანქანის გაჩერებაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ ამის შესახებ მოუწოდა.
მედიის ცნობით, ტრაგიკულმა შემთხვევამ ნანტერში აღშფოთება გამოიწვია, რის შედეგადაც დასახლებაში არეულობა დაიწყო.
ფრანგი პოლიციელი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ნანტერის პროკურატურამ განაცხადა, რომ ოფიცერმა ესროლა ბიჭს, რომელიც ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
მედია აღნიშნავს, რომ გასულ წელს საფრანგეთში პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად დაღუპულთა რეკორდული, 13 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი ეს არის მეორე სასიკვდილო სროლა მსგავს ვითარებაში. 2021 წელს პოლიციის მიერ სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2020 წელს – ორი. 2021 და 2022 წლებში სასიკვდილო სროლების შედეგად დაშავებულთა უმრავლესობა შავკანიანი ან არაბული წარმოშობის იყო.