პარიზი 2024 | პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
პარიზი 2024 | პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი სპორტსმენების მეტოქეები გამოვლინდნენ.


კაცები


შეჯიბრების პირველ დღეს, 27 ივლისს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) იასპარეზებს. 21 წლის ქართველი მეორე წრეში კონგოელ არნოლდ კისოკასა და ისრაელის ნაკრების წევრის, იამ ვოლჩაკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

28 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქში ვიხილავთ ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ). ვაჟა პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ მოჰამად რაშნონეჟადსა და ფრანგ ვალიდ ხიარის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი 29 ივლისს იასპარეზებს. ქართველი პირველ წრეში ფრანგ ჟან-ბენჟამინ გაბას შეხვდება. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში მეოთხედფინალში ლაშას მეტოქე, სავარაუდოდ, იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო იქნება.

30 ივლისს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს და მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, ავსტრიის წარმომადგენელ ვაჰიდ ბორჩაშვილთან იჭიდავებს.

მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს (90 კგ) გულშემატკივარი პარიზში 31 ივლისს იხილავს. ლაშა ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი და მორე ეტაპზე ბულგარელ ივაილო ივანოვსა და ლიბანელ კარამნობ საგაიპოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

პირველ აგვისტოს ტატამიზე გავა ილია სულამანიძე (100 კგ), რომელიც ასპარეზობას მეორე წრიდან იწყებს და ხორვატ ზლატკო კუმრიჩსა და იტალიელ ჯენარო პირელის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ქართველი მძიმეწონოსანი, გურამ თუშიშვილი ორ აგვისტოს პირველ ორთაბრძოლას სენეგალელ მბაგნიკ ნდიაიესა და გვინეა-ბისაუელ ბუბაკარ მანეს შორის გამარჯვებულთან გამართავს. მოგების შემთხვევაში კი მეოთხედფინალში მისი მეტოქე, დიდი ალბათობით, ლეგენდარული ფრანგი ტედი რინერი იქნება.


ქალები


29 ივლისს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) პირველ რაუნდში ბრიტანელ ლელე ნაირნეს შეხვდება.

30 ივლისს ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი, ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან იჭიდავებს.

2 აგვისტოს +78 კგ-ში სოფიო სომხიშვილის პირველ მეტოქე გერმანელი რენე ლუხტი იქნება.

3 აგვისტოს პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტები პირველ წრეს გამოტოვებენ, შემდეგ კი იტალიისა და უნგრეთის ნაკრებების შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდებიან.

ძიუდო | 60 კგ წონითი კატეგორიის სატურნირო ბადე: