„პარი სენ-ჟერმენმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ ფეხბურთელების გაცვლის ორგანიზება სცადა. გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, პარიზული კლუბი ინგლისელებს ფორვარ ნეიმარს უთმობდა, სანაცვლოს კი „სიტისგან“ ნახევარმცველის ბერნარდო სილვას მიღება სურდა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ არ მოისურვა ამგვარი გარიგების დადება.
ამ ამბავს გამოეხმაურა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა.
„ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ინფორმაცია არასწორია. ნეიმარი – დაუჯერებელი ფეხბურთელია, მე ეს კარგად ვიცი. მაგრამ არ იქნება გამართლებული, თუ ყოველ ზაფხულს „მანჩესტერ სიტი“ 150 ფეხბურთელს შეიძენს“, – მოჰყავს ესპანელი სპეციალისტის სიტყვები გაზეთ The Sun-ს.
ცნობილია, რომ თავად ნეიმარს არ სურს „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვება და უნდა დაამტკიცოს, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება გუნდისთვის მომავალ სეზონში.
ბერნარდო სილვამ გასულ სეზონში პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა, ნეიმარის ანგარიშზე ლიგა 1-ში ჩატარებულ 22 მატჩში 13 გოლი მოდის.