„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი „სანტიაგო ბერნაბეუს“ სამსაჯო ოთახში მოხვედრას ცდილობდა, მაგრამ „რეალის“ დელეგატს დაესხა თავს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი უკმაყოფილო დარჩა „რეალთან“განმეორებითი მერვედფინალის მსაჯობით. ამის შესახებ ყატარელ ბიზნესმენს პირადად სურდა მოეხსენებინა არბიტრებისთვის.
როგორც ესპანური გაზეთი „მარკა“ წერს, საფინალო სასტვენის შემდეგ ალ-ჰელაიფი ტრიბუნებიდან გასადელისკენ მიმავალ გვირაბში ჩავიდა, რათა პრეტენზია გამოეცხადებინა არბიტრებისთვის. გზად ის ყვიროდა და ამსხვრევდა ნივთებს, რაც ხელთ მოხვდებოდა.
მაგრამ ალ-ჰელაიფის გზა აებნა და საბოლოოდ, „რეალის“ დელეგატის კარლოს დავილეს ოთახში მოხვდა, რომელმაც ამ ყველაფრის ვიდეოზე გადაღება სცადა. ამ ყველაფრის შემხედვარე, „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი მას ყვირილით მიუახლოვდა: „მე შენ მოგკლავ“. ყატარელი ბიზნესმენის შეჩერებას მისი პირადი მცველები ცდილობდნენ.
აღნიშნავენ, რომ მოგვიანებით პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ „რეალის“ თანამშრომლის მობილური ტელეფონიდან ვიდეოს წაშლა მოითხოვა.
საბოლოოდ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა დანი მაკელიმ საჩივარი დაწერა უეფა-ში.
მაკელის რაპორტში წერია, რომ ალ-ჰელაიფი და ლეონარდო აგრესიულად იქცეოდნენ და ცდილობდნენ მსაჯების ოთახში შეღწევას. როცა არბიტრმა მათ წასვლა მოთხოვა, პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა კარი დაბლოკეს, ალ-ჰელაიფიმ კი ერთ-ერთი ასისტენტი მსაჯის ალამი დაამტვრია.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგო „რეალთან“ და ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა.