„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი - კილიან მბაპეს გადაწყვეტილების მისაღებად ორი კვირა აქვს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი - კილიან მბაპეს გადაწყვეტილების მისაღებად ორი კვირა აქვს #1TVSPORT

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ გუნდის მთავარი ვარსკვლავის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს ორი კვირა აქვს, რათა გადაწყვიტოს, დარჩება თუ წავა პარიზული კლუბიდან.

„პარი სენ-ჟერმენი“ მიმდინარე ზაფხულში უკვე დატოვა ლიონელ მესიმ. არგენტინელი საფეხბურთო კარიერას MLS-ში, „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში გააგრძელებს.

რაც შეეხება კილიან მბაპეს, ის არ აპირებს კონტრაქტში არსებული პუნქტი (კონტრაქტი 2+1 სისტემით) გამოიყენოს, რომელიც 2024 წელს გააქტიურდება და მას შეეძლება, ხელშეკრულება ავტომატურად, 2025 წლამდე გაახანგრძლივოს „პარი სენ-ჟერმენთან“. კლუბში კი მისი უფასოდ დაკარგვა არ სურთ. პარიზელები ამჯობინებენ, მბაპე წელსვე გაყიდონ, ვიდრე მომავალ ზაფხულს მან გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

„გავოცდი, როცა გავიგე, რომ მას მომავალ წელს წასვლა სურს. ჩვენი პოზიცია ნათელია – კილიან მბაპე უფასოდ არ უნდა გავუშვათ. ის გონიერი ადამიანია და აცნობიერებს, რომ უფასოდ წასვლით საფრანგეთის ყველაზე ძლიერ კლუბს დაასუსტებს.

გადაწყვეტილების მისაღებად მბაპეს ორი კვირა ექნება. თუ ახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილს არ გამოხატავს, წელსვე შეუძლია წავიდეს, კარი ღია იქნება. კლუბზე დიდი არავინაა – არც მე და არც ფეხბურთელები. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს მომავალ ზაფხულს უსასყიდლოდ ვერ შეველევით“, – განაცხადა ნასერ ალ-ხელაიფიმ.

კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ის სეზონში 74.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.