„პარი სენ-ჟერმენი“ ელი ჟუნიორ კრუპის შეძენით ინტერესდება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ ელი ჟუნიორ კრუპის შეძენით ინტერესდება #1TVSPORT

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შენარჩუნების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს, პარიზელთა ყურადღების ცენტრში „ბორნმუთის“ 19 წლის ფეხბურთელი ელი ჟუნიორ კრუპი მოექცა, – ინფორმაციას გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.

„ლორიანიდან“ ტრანსფერის შემდეგ კრუპი ბრწყინვალედ გამოიყურება. პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონში მან 13 გოლი გაიტანა, რაც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე თინეიჯერისთვის პირველ სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია. „ბორნმუთმა“ საჯაროდ განაცხადა, რომ ფრანგ ფეხბურთელს ბრძოლის გარეშე არ დათმობს.

თუმცა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრის შენარჩუნება მზარდი ინტერესის ფონზე, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. მსურველებს შორის უკვე სახელდებოდა „არსენალი“, ახლა კი რბოლაში პსჟ-იც ჩაერთო.

კლუბის სამიზნედ უკვე არაერთი მოთამაშე დასახელდა, მათ შორის: ხულიან ალვარესი, იან დიომანდე და მაგნეს აკლიუში. კრუპი ამ სიაში ყველაზე ახალი ვარიანტია. ფრანგს, რომელსაც „ბორნმუთთან“ კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროპულ ელიტურ გუნდში თამაშის ამბიცია აქვს.