პარალიმპიადის ისტორია - ბრიტანული სოფლის პატარა ტურნირიდან ერთ-ერთ მთავარ სპორტულ მოვლენამდე #1TVSPORT
პარალიმპიადის ისტორია - ბრიტანული სოფლის პატარა ტურნირიდან ერთ-ერთ მთავარ სპორტულ მოვლენამდე #1TVSPORT

24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ტოკიოში გაიმართება ზაფხულის XVI პარალიმპიური თამაშები. 22 დისციპილინაში მონაწილეობას მიიღებს 4400 სპორტსმენი, რომლებიც მედლების 539 კომპლექტს გაითამაშებენ. იმ ათწლეულების განმავლობაში, რაც ამ შეჯიბრის პირველად ჩატარების შემდეგ გავიდა, თამაშები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ყველაფერი დაიწყო მეორე მსოფლიო ომში დაზარალებული და ეტლში მჯდომი 16 ბრიტანელი ვეტერანის შეჯიბრიდან, დღეს კი პარალიმპიადა ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენაა პლანეტაზე. ცნობისთვის, 2012 წელს, ლონდონის პარალიმპიადის ტელეაუდიტორიამ 3.8 მილიარდი ადამიანი შეადგინა. დღეს პარალიმპიური თამაშების ისტორიის შესახებ მოგიყვებით.

პარალიმპიური თამაშების ისტორია

უმძიმესი გამოდგა მთელი კაცობრიობისთვის მეორე მსოფლიო ომის შედეგები. უდიდესი მსხვერპლის გარდა, ბევრმა ადამიანმა მიიღო გამოუსწორებელი ფიზიკური ტრავმა. შესაბამისად, წარმოიშვა ამ ადამიანების რეაბილიტაციის აუცილებლობა და დიდი მოთხოვნილება.

1944 წელს, ინგლისში სტოკ-მანდევილის დასახლებაში გაიხსნა ხერხემლის ტრავმების ცენტრი. მას სათავეში ედგა ნევროლოგი ლუდვიგ გუტმანი – გერმანული წარმოშობის ებრაელი, რომელიც 1939 წელს გაიქცა ნაცისტური გერმანიიდან. მან სწრაფად მოიპოვა ნოვატორის რეპუტაცია სამედიცინო რეაბილიტაციის სფეროში პრაქტიკისა და ზურგის ტვინის ტრავმების მქონე ადამიანების მოტივაციის წყალობით.

მკურნალობისას, გუტმანის ერთ-ერთი მთავარი მიდგომა იყო – სპორტის შეტანა რეაბილიტაციის რეჟიმში. ეს ყველაფერი ძალიან მალე გადაიქცა სავარძლებით სპორტულ შეჯიბრად. თავდაპირველად, თამაშები იმართებოდა პალატებს შორის, სადაც დაჭრილ სამხედროებსა და ჯანმრთელ მოქალაქეებს შეეძლოთ უბრალოდ აემაღლებინათ განწყობა ფიზიკური დატვირთვისა და გართობის ხარჯზე.

რამდენიმე წელი მუშაობისა და განვითარების შემდეგ, 1948 წლის 29 ივლისს პირველად გაიმართა სტოკ-მანდევილის თამაშები. გუტმანი შეგნებულად ატარებდა შეჯიბრს ლონდონში ზაფხულის XIV ოლიმპიადის პარალელურად, რადგან სურდა, თამაშების ასეთი ფორმატი გაცდენოდა ბრიტანული საავადმყოფოს ფარგლებს.

პირველ თამაშებში მონაწილეობა მიიღო 14 მამაკაცმა და ორმა ქალმა. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მშვილდოსნობაში. სპორტის ამ სახეობის არჩევა შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან მასში შედეგის მიღწევა დამოკიდებულია სხეულის ზედა ნაწილის შესაძლებლობებზე. აგრეთვე, ეს არის ერთ-ერთი დისციპლინა, რომელშიც ადამიანებს ქვედა კიდურების დამბლით შეუძლიათ ტოლსწორად იბრძოლონ სრულიად ჯანმრთელი კოლეგების წინააღმდეგ.

პირველი მცირე საერთაშორისო თამაშები 1952 წელს გაიმართა, როცა ინგლისში მიიწვიეს სპორტსმენები ნიდერლანდებიდან. მშვილდოსნობას დაემატა მაგიდის ჩოგბურთი, დარტსი და სნუკერი.

 

პირველი პარალიმპიური თამაშები

სტოკ-მანდევილში თამაშების პოპულარობა იზრდებოდა. ეს ხდებოდა იმ ექიმების წყალობით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიოდნენ დოქტორ გუტმანის სარეაბილიტაციო პრაქტიკის სანახავად. აგრეთვე ამ მეთოდის შესახებ ჟურნალ The Cord-ში გამოქვეყნდა პუბლიკაცია და ამანაც შეუწყო ხელი სტოკ-მანდევილის თამაშების პოპულარობას. 1953 წელს, უკვე ჟურნალი TIME აშუქებდა ტურნირს, რომელმაც სამი ათასი მაყურებელი მიიზიდა. თავად თამაშებში კი უკვე რვა ქვეყნის 200 სპორტსმენი მონაწილეობდა.

პირველი პარალიმპიური თამაშები 1960 წელს, იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარდა. ის გახდა პირველი ქალაქი სტოკ-მანდევილის შემდეგ, რომელმაც პარალიმპიურ სტარტებს უმასპინძლა.

თამაშებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 400-მა სპორტსმენმა 23 ქვეყნიდან. მონაწილეობდნენ მხოლოდ ეტლში მსხდომი სპორტსმენები. პარალიმპიადა XVII ოლიმპიური თამაშების დახურვიდან ექვსი დღის თავზე დაიწყო და სპორტის რვა სახეობით იყო წარმოდგენილი: მძლეოსნობა, კალათბურთი, დარტსი, ფარიკაობა, ცურვა, სნუკერი, მაგიდის ჩოგბურთი და მშვილდოსნობა.

თავად თამაშების მსვლელობისას პრობლემები წარმოიშვა. სპორტსმენების სოფელი სრულად არ იყო აღჭურვილი ეტლების გადაადგილებისთვის, თანამშრომლებს უწევდათ დახმარებოდნენ მონაწილეებს კიბეზე ასვლასა და ჩამოსვლაში. 1960 წლის თამაშების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენთა პირობები თანდათან უმჯობესდებოდა, რადგან პარალიმპიური მოძრაობა იზრდებოდა, მოდერნიზდებოდა და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემატებოდა.

სიტყვა „პარალიმპიადა“: მნიშვნელობა და ისტორიული დასახელება

1964 წელს, ტოკიოში გამართულ თამაშებზე დაიწყეს „პარალიმპიური თამაშების“ ტერმინის გამოყენება. თავდაპირველად, ასეთი დასახელება უკავშირდებოდა ტერმინს paraplegia, ანუ ქვედა კიდურების დამბლა. მაგრამ მას შემდეგ, რაც თამაშებში დაემატნენ სპორტსმენები სხვა სახის შეზღუდვებით, დასახელება სხვაგვარად გაიაზრეს. ახალი ინტერპრეტაცია იყო ორი სიტყვების კავშირი: ბერძნული თანდებული Para (გვერდით, პარალელურად) და სიტყვა Olympics. ეს კავშირი ლაპარაკობს პარალიმპიური თამაშების ჩატარებაზე ოლიმპიური თამაშების პარალელურად და თანასწორად. ოფიციალურად ტერმინი მხოლოდ 1980 წელს შემოიღეს.

ასევე 1964 წელს შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია (ISOD), რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას, თამაშებს შეერთებოდნენ ის სპორტსმენები, რომლებიც ვერ მონაწილეობდნენ სტოკ-მანდევილის თამაშებში, ანუ მხედველობის პრობლემებისა და ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანებს. თუმცა, ოფიციალური ურთიერთობა ოლიმპიადისა და პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტებს შორის მაშინ არ არსებობდა.

 

პარალიმპიური მოძრაობის განვითარება

1980 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები საბჭოთა კავშირში გაიმართა, პარალიმპიური თამაშები – ნიდერლანდებში. მონაწილეობდა 43 ქვეყნის 1973 სპორტსმენი, მათ შორის 125 სპორტსმენი ცერებრალური დამბლით. მათ პირველად მისცეს პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საშუალება. ასევე დებიუტი ჰქონდა ჯდომით ფრენბურთს.

1988 წელს პარალიმპიური და ოლიმპიური თამაშები კორეაში იმართებოდა. საორგანიზაციო კომიტეტებმა პირველად მოილაპარაკეს, პარალიმპიელები იმავე სპორტულ ობიექტებს გამოიყენებდნენ, რომელსაც ოლიმპიელები იყენებდნენ. მსგავს სტილში ჩატარდა გახსნისა და დახურვის ცერემონია. დიდწილად, მაშინდელი თამაშები ჰგავდა თანამედროვე პარალიმპიურ თამაშებს. ერთი წლის შემდეგ, ოფიციალურად ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი. მან გააერთიანა ოთხი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ პარალიმპიელი სპორტსმენების საკითხებით.

1992 წლის მარტ-აპრილში, საფრანგეთის ქალაქებში ტინსა და ალბერვილში გაიმართა ზამთრის მეხუთე პარალიმპიური თამაშები, რომელიც პირველად ჩატარდა იმავე ადგილას, სადაც ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ზაფხულის პარალიმპიადა ბარსელონაში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო 83 ქვეყნის სამი ათასმა სპორტსმენმა. ოფიციალური პროგრამა მოიცავდა სპორტის 15 სახეობას და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გაიმართა ტურნირი სავარძლებით ჩოგბურთში. თამაშების დროს დამყარდა მსოფლიოს 279 რეკორდი.

მხოლოდ 2001 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც აერთიანებდა ორ ოლიმპიადას. 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადიდან მოყოლებული, პარალიმპიური თამაშები იმართებოდა ოლიმპიური თამაშების შემდეგ და გამოიყენებდა იგივე სპორტულ ობიექტებსა და ოლიმპიურ სოფელს. ასევე იმ მომენტიდან ყოველმა არჩეულმა ქალაქმა უნდა ჩაატაროს როგორც ოლიმპიური, ასევე პარალიმპიური თამაშები.

 

პარალიმპიადის რეკორდები და ფაქტები

* 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე ტელეაუდიტორიის სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა – პარალიმპიადას 4,1 მილიარდმა მაყურებელმა უყურა.

* უნგრელი სპორტსმენი პალ სეკერეში – ერთადერთი სპორტსმენია, ვისაც მოგებული აქვს ოლიმპიური და პარალიმპიური მედლები. მან 1988 წელს, სეულში ბრინჯაო მოიპოვა ფარიკაობაში. 1991 წელს, ავტოავარიაში მოხვდა. 1992 წელს კი ბარსელონაში პარაფაროკაობაში ოქროს მედალი მოიგო.

* ყველაზე ტიტულოვანი პარალიმპიელი სპორტსმენია – ამერიკელი მოცურავე ტრიშა ზორნი. ჯამში მას 55 მედალი აქვს, აქედან 32 – ოქროსი. ის 1980-2004 წლებში ასპარეზობდა.

* ეროვნული სტატისტიკის განყოფილების მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 2018 წელს მუშაობდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 3.85 მილიონი ადამიანი. ეს თითქმის მილიონით მეტია, ვიდრე 2012 წელს ლონდონის პარალიმპიური თამაშების წინ.

* დარღვეული მხედველობის მქონე მორბენლები თანმხლებ მორბენლებთან დაკავშირებულნი არიან ხელზე ან მაჯაზე შებმული პატარა ქამრით. თავად სპორტსმენებმა ფინიშის ხაზი თავიანთ გამცილებლებზე ადრე უნდა გადაკვეთონ.

* 5×5 ფეხბურთისა და გოლბოლის მაყურებლები თამაშის დროს ჩუმად უნდა იყვნენ, რადგან მოთამაშეები ბურთის ხმაზე არიან დამოკიდებულნი.

* 2004 წლიდან მოყოლებული, ჩინეთს ყველაზე მეტი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული პარალიმპიურ თამაშებზე: 63 – ათენში, 89 – პეკინში, 95 – ლონდონში და 107 – რიო-დე-ჟანეიროში.

 

პარალიმპიადა ტოკიოში

2021 წელს, ისტორიაში მეორედ პარალიმპიური თამაშები ტოკიოში გაიმართება. ამჯერად, დებიუტი ექნება ბადმინტონსა და ტაეკვანდოს. ასევე ამ თამაშებზე პირველად გამოვა ლტოლვილების გუნდი. იაპონიაში ქალი სპორტსმენების რეკორდული რაოდენობა იქნება – მონაწილეთა საერთო რიცხვის 40 პროცენტი.

პირველად პარალიმპიური თამაშების ისტორიაში, დარღვეული მხედველობის მქონე სპორტსმენებისთვის მედლების კიდეზე დატანილი იქნება მრგვალი ჩაღრმავებები. ერთი ჩაღრმავება ნიშნავს ოქროს, ორი – ვერცხლს, სამი – ბრინჯაოს. ასევე ბრაილის შრიფტით მედლის ერთ მხარეს იქნება წარწერა – „ტოკიო 2020“.