პაპუნა ფონიავა - ქართული გუნდების მთავარი პრობლემა ფინანსებია #1TVSPORT
პაპუნა ფონიავა - ქართული გუნდების მთავარი პრობლემა ფინანსებია #1TVSPORT

პაპუნა ფონიავა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში თბილისის „ლოკომოტივთან“ ჩატარებული მატჩის ერთ-ერთი გმირი იყო და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა. „სამგურალის“ ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, ეროვნულ ლიგაში 19-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული წყალტუბოს გუნდი ადგილს საუკეთესოებში დაიმკვიდრებს.

„წყალტუბოს „სამგურალი“ ელიტაში დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ვფიქრობ, ანაგარიშგასაწევი გუნდია, ეტაპობრივად ვითარდება და ამ განვითარების შედეგად აუცილებად უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ხუთეულში მოხვედრა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად მაღალ შედეგს რომ მივაღწიოთ“, – აცხადებს პაპუნა ფონიავა.

სამგურალის“ 27 წლის ნახევარმცველმა ეროვნულ ლიგისა და ქართული გუნდების პრობლემებზეც ილაპარაკა:

„ეროვნულ ლიგაში ბევრი რამ განვითარდა და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. თუნდაც ის, რომ ტურის ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელი გახდა. აშენდა ბათუმის სტადიონი და ბევრი კარგი გუნდი გვყავს. ფეხბურთის განვითარების ფონდის პროექტი უნდა გაგრძელდეს. ჩვენს ჩემპიონატში არაერთი კარგი ფეხბურთელი გაიზარდა და თუ ყველა კლუბი ფინანსურად ძლიერი და დამოუკიდებელი გახდება, ექნება თავის სტადიონი და ბაზა, მაშინ ბევრად მეტი ტალანტი გამოჩნდება. მთავარი პრობლემა მაინც უფულობაა. ყველაზე მცირედით მაქსიმუმის მიღწევა გვინდა, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენლია – ფული, ბაზა, სტადიონები, რაღაც მიზნები უნდა იყოს. სამწუხაროდ, ბევრ გუნდს ამის ფუფუნება არა აქვს“, – აცხადებს „სამგურალის“ ერთ-ერთი ლიდერი.