პანდევი კოსოვოსთან მატჩის გადადებას ითხოვს - მოგვეცით საშუალება, ხალხთან ერთად ვიზეიმოთ
პანდევი კოსოვოსთან მატჩის გადადებას ითხოვს - მოგვეცით საშუალება, ხალხთან ერთად ვიზეიმოთ
„გადადეთ კოსოვოსთან მატჩი. ჯანმრთელობისთვისაც და იმის გამოც, რომ ეს იქნება სამართლიანიც და სპორტულადაც გამართლებული“, – ეს მიმართვა გორან პანდევმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
 
ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონია საკუთარ მოედანზე კოსოვოს უმასპინძლებს, წყვილში გამარჯვებული კი საქართველო-ბელარუსის ნაკრებებში მოგებულს დაუპირისპირდება.
მაგრამ კორონავირუსის საფრთხის გამო, ევროპაში ბევრი მატჩი უმაყურებლოდ ტარდება. ამის გამო „ბ“ დივიზიონის მატჩი სლოვაკეთსა და ირლანდიას შორის უმაყურებლოდ გაიმართება, რადგან ეს გადაწყვეტილება სლოვაკეთის მთავრობამ მიიღო.
ასეთი საფრთხის წინაშე დგას ჩრდილოეთ მაკედონიაც, რომლის კაპიტანსა და ლიდერს, გორან პანდევს მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება არ სურს. ის შეურთდა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის, იგორ ანგელოვსკის მოწოდებებს, რომ 26 მარტს კოსოვოსთან სკოპიეში დაგეგმილი ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი გადაიდოს.
„მაკედონიასთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა ტიტული. ჩვენ ვცხოვრობთ იმისთვის, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივრები გავახაროთ. მოგვეცით საშუალება გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ამისათვის ყოველთვის ვლოცულობთ, მაგრამ მოგვცეს საშუალება მივაღწიოთ იმას, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდით. ყოველივე ამის გამო, გადადეთ მატჩი“, – აცხადებს ჩრდილოეთ მაკედონიელთა 10 ნომერი და ლიდერი.
პანდევი მიმართვის ადრესატს არ ასახელებს, მაგრამ ცხადია, რომ ეს „უეფას“ გასაგონად დაწერა.